ლელა ბექაური - არქეტიპების შესახებ

კ. გ. იუნგის ზოგად-ფსიქოლოგიური თეორიის საფუძველია შეხედულება ორი ტიპის არაცნობიერის: პიროვნული და კოლექტიური არაცნობიერისშესახებ.  ფსიქიკის კვლევისას კ.გ.იუნგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კოლექტიურიარაცნობიერის შესწავლას, რადგან ფსიქიკა არ ამოიწურება მხოლოდ პიროვნული არაცნობიერით და მასში კოლექტიური არაცნობიერი სფეროც არსებობს, რომელიც ზეპიროვნული, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალურია. ფსიქიკას აქვს ისტორია: ბიოლოგიური /ცხოველური/ და ისტორიული /ადამიანური/. როგორც ჩვენი სხეულის სტრუქტურაა დაფუძნებული ძუძუმწოვართა საერთო ანატომიურ ნიმუშზე, ასევე ჩვენი ფსიქიკაც დამყარებულია არქაული ფსიქიკის არაცნობიერ ფორმებზე. როგორც ბიოლოგიას სჭირდება შედარებითი ანატომია, ისე ფსიქოლოგიასაც ესაჭიროება „ფსიქიკის შედარებითი ანატომია“, რათა სიზმრები და არაცნობიერი ფსიქიკის მოქმედების სხვა პროდუქტები შეადაროს მითოლოგიურ მასალას და შედარების საფუძველზე დადგინდეს ის საერთო, რაც მათ შორის არსებობს.

კ.გ. იუნგი აყალიბებს არაცნობიერის საკუთარ კონცეფციას, რომელიც შემდეგ ასპექტებს მოიცავს: 1. არაცნობიერი ვითარდება ავტონომიურად; 2. იგი კომპლემენტარულია, ე.ი. ცნობიერების კომპენსირებას ახდენს; და 3.უნივერსალური ხატების, ე.წ. არქეტიპების სამფლობელოა. უნივერსალურობა აიხსნება ან როგორც ტვინის სტრუქტურიდან გამომდინარე ფენომენი, ან კიდევ ნეოპლატონიკოსების მსოფლიო სულის გამოვლენა. იგი მსგავსია ფონ შუბერტის კონცეფციისა სიმბოლოთა უნივერსალური ენის შესახებ, რაც ვლინდება სიზმრებში, მითებსა და თქმულებებში. კ.გ. იუნგის არქეტიპის ცნება სცილდება ფონ შუბერტისას და განისაზღვრება როგორც ფსიქიკური ენერგიის ცენტრები. კ.გ. იუნგი შესწავლისა და შედარების საფუძველზე ადგენს, რომ სხვადასხვა ხალხის მითოლოგიასა და ფოლკლორში გარკვეული მოტივები თითქმის იდენტური ფორმით მეორდება. ის ამ მოტივებს არქეტიპებსუწოდებს და მათში კოლექტიური ბუნებისფორმებსა და სახე-ხატებსგულისხმობს, რომლებიც მთელს დედამიწაზე ერთდროულად მითებისა და არაცნობიერი წარმოშობის ავტოხთონური, ინდივიდუალური პროდუქციის სახით გვხვდება. „არქეტიპული მოტივები ადამიანის გონებაში არსებული არქეტიპული სახე-ხატებისგან წარმოიშობა და არა მარტო მიგრაციისა და ტრადიციის გზით გადმოგვეცემა, არამედ მემკვიდრეობითაც.“¹ /კ.გ. იუნგი „კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპების შესახებ“., 1934/

სიტყვა „არქეტიპი“ გვხვდება უკვე ფილონ იუდეველთან. ასევე ირინეოსთან, სადაც ნათქვამია: „შემოქმედმა საკუთარი თავიდან კი არ შექმნა, არამედ ის გადმოიტანა გარეშე არქეტიპებისგან“. ჰერმენევტიკის კორპუსში ღმერთი იწოდება დასაბამიერი ფერის არქეტიპად. ეს გამოთქმა ხშირად იხმარება დიონისე არეოპაგელთან, ციცერონთან, პლინიუსთან და სხვ. ავგუსტინესთან ამ სიტყვას ცვლის „იდეა“. კ.გ. იუნგი მიიჩნევს, რომ ეს გამოთქმა ზუსტად შეესატყვისება მის მიზანს, როდესაც საუბრობს კოლექტიური არაცნობიერის შესახებ.

ცნება „არქეტიპი“ გამოხატავს ფსიქოლოგიური შინაარსების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ გაუვლია არანაირი ცნობიერი დამუშავება და მხოლოდ უშუალო ფსიქიკურ მოცემულობას წარმოადგენს. არქეტიპი არსებითად განსხვავდება ისტორიულად მოცემული და გადამუშავებული ფორმებისგან. პრიმიტივთა იდუმალებით მოცულ სწავლებებში კი არქეტიპებზე ცნობიერის ზეგავლენა,როგორც წესი, თვალსაჩინოა. არქეტიპების უშუალო გამოვლენა, რომელსაც ჩვენ ვხვდებით სიზმრებსა და ხილვებში მითთან შედარებით მეტად ინდივიდუალური, გაუგებარი და გულუბრყვილოა. არსებითად არქეტიპი წარმოადგენს იმ არაცნობიერ შინაარსს, რომელიც იცვლება და ხდება ცნობიერი და აღქმადი. ის განიცდის ცვლილებას იმ ინდივიდუალური ცნობიერის ზემოქმედებით, რომლის ზედაპირზეც ის ჩნდება.

იუნგის თეორიაში ხაზგასმულია სხვაობა სიმბოლოსა და არქეტიპს შორის. არქეტიპი პირველადი და შეუნიღბავი სახით მხოლოდ ცნობიერი კონტროლის შესუსტებისას „ეძლევა“ ადამიანს. ეს ხდება სიზმარში. ასეთ დროს არქეტიპი (პირველხატი) დიფუზურ, ბნელ, საშიშ და უცხო ხატ-წარმოდგენების სახეს იძენს, რომლის აღქმა ძლიერ განცდებს (შიშს, თრთოლას, რიდსა და მოწიწებას) უკავშირდება. მითოლოგია ცნობიერებისათვის მისაღები პრინციპებისა და კანონების გათვალისწინებით ამ ბნელი და საშიში ხატების დახვეწას ახდენს. არქეტიპი კარგავს პირვანდელ, ცნობიერებისთვის მიუღებელ სახეს და სიმბოლოდ იქცევა. შესაბამისად, ყოველი სიმბოლოს მიღმა არქეტიპი იგულისხმება. სიმბოლო არქეტიპს ეფუძნება.

იუნგი რამდენიმე სიმბოლოსა და არქეტიპს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიაწერს. ესენია: თვითობა, პერსონა, აჩრდილი, ანიმა/ანიმუსი და სულის არქეტიპი. პიროვნება, როგორც არქეტიპთა მატარებელი, შეიძლება რამდენიმე ქვეპიროვნების ერთიანობად განიხილოს.

არქეტიპი, რომელსაც იუნგმა თვითობა/selbst/ უწოდა, ცნობიერისა და არაცნობიერის გამთლიანებას ანუ პიროვნების მიერ საკუთარი ფსიქიკური სიღრმეების წვდომისა და პიროვნებაში არსებულ დაპირისპირებულ ძალთა შერიგებას უკავშირდება. თვითობა ცნობიერის არაცნობიერით გამდიდრებასა და გაღრმავებას გულისხმობს; პიროვნება აღარ ებრძვის საკუთარ არაცნობიერს და ცნობიერისადმი მის მაკომპენსირებელ ბუნებას წვდება. თუკი ცნობიერი ინტელექტსა და ნებელობას ეფუძნება, არაცნობიერი, როგორც მისი შემავსებელი, არქაულ, მითოსურ წარმოდგენებს ექვემდებარება.

თვითობა იუნგის თეორიაში თითქოს ყველაზე ძნელად გასაგები და, ამასთანავე, ყველაზე მნიშვნელოვანი არქეტიპია.  ის იდეალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ჰარმონიასა და წესრიგს  გამოხატავს. „არაერთგზის მიმითითებია, რომ თვითობა არ არის ემპირიული და ცნობიერი პიროვნების იდენტური, თუმცა მაინც ვაწყდები გაუგებრობას რომ „მე“-სა და „თვითობა“-ს აიგივებენ. პიროვნების განუსაზღვრელი ბუნების გამო „თვითობა“ რჩება ზღვრულ ცნებად, რომელიც რეალობის უსაზღვროების გამომხატველია“. /კ.გ.იუნგი/

თვითობა ტრადიციულად მანდალის სიმბოლიკით გამოიხატება. მანდალა სანსკრიტის ენაზე წრეს ნიშნავს; ის იმ ჭურჭლისა და სივრცის სიმბოლოა, რომელშიც ადამიანის „ღვთაებრივ“ არსებად გარდასახვის რიტუალი ხორციელდება. ეს მაგიური წრეა - ფსიქიკური მთლიანობის სიმბოლო. მაგიური წრის ანუ მანდალას სამკურნალო მიზნებით გამოყენება არქეტიპული წარმოდგენაა. ნიუ-მეხიკოს პუებლოს ტომის სამკურნალო პროცესის ცერემონია ზუსტად შეესაბამება სიმბოლიკას, რომლესაც კოლექტიურ არაცნობიერში ვაწყდებით. ეს ინდივიდუაციის პროცესია: მთლიან პიროვნებასთან, „თვითობასთან“ იდენტიფიკაცია. ქრისტიანულ სიმბოლიკაში ეს მთლიანობა ქრისტეა და განკურნების პროცესი ქრისტეს მიბაძვაში მდგომარეობს. ეს ჯვარია, მისი ოთხი მხრით. თვითობის არქეტიპებია: მეფე, გმირი, წინასწარმეტყველი... წრე, კვადრატი, ჯვარი. ოთხ ნაწილად დაყოფილი წრე ჩვენი წინაპრებისთვის ღვთაებას განასახიერებდა. მისი სიმბოლოებია: მთლიანი წრე, ყვავილი, კვადრატული მოედანი ან ოთახი, ოთხკუთხედი, სფერო, საათი, შადრევნიანი სიმეტრიული ბაღი, მაგიდის გარშემო შემოწყობილი ოთხი სკამი, ოთხი ფერი, რვამანიანი ბორბალი, რვაქიმიანი ვარსკვლავი ან მზე, წელიწადის ოთხი დრო, თასში ჩაწყობილი ოთხი კაკალი და ა. შ. ოთხი ერთის ნაწილების, თვისებებისა და ასპექტების სიმბოლური გამოხატულებაა. თუ ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო სამებაა, არაცნობიერს სიმბოლურად ოთხობა გამოხატავს.

ოთხკარიბჭიანი ქალაქი მთლიანობის სიმბოლოა, ინდივიდია, რომელსაც სამყაროსთვის ოთხი კარიბჭე, ოთხი ფსიქოლოგიური ფუნქცია აქვს მზაობაში და ამიტომ „თვითობაში“ სუფევს. ოთხიკარიბჭის მქონე ქალაქი „თვითობის“ ურღვევი მთლიანობაა, ცნობიერისა და არაცნობიერის ერთიანობა.

უკიდურესი გაუცნობიერებლობის სიღრმეებში, ინდივიდუალური მთლიანობის გასაღები ანუ განკურნების გასაღებიც მოიპოვება. „მთელი“ ანუ „მთლიანობა“ ნიშნავს განწმენდას, განკურნებას. სიღრმეში ჩასვლა გზაა განკურნებისკენ. ესაა პირველყოფილი გაუცნობიერებლობისა და, ამავე დროს, შვებისა და ნეტარების ადგილი. ერთდროულად ის გამოქვაბულიცაა, სადაც ქაოსის დრაკონი ბუდობს და ის აუღებელი ციხე-ქალაქიც, სადაც შესაძლებელია დანაწევრებული პიროვნების გამთლიანება. სიცოცხლის ნება, რომელიც ყველა ადამიანში ღვივის, შველის მას აირჩიოს, რაც საჭიროა!

თვითობა პიროვნების მთლიანობას, მისი ყველა მხარის ინტეგრირებასა და ჰარმონიზაციას განაპირობებს. ის შეიცავს თვითრეალიზაციის ტენდენციას და ამიტომ პიროვნული განვითარების მექანიზმის ქვაკუთხედს წარმოადგენს. განვითარება, იუნგის მიხედვით, შიგნიდან დეტერმინირებული პროცესია, რომელიც მიმართულია თვითობის ჩამოყალიბებაზე. ადამიანთა უმრავლესობა, სხვადასხვა ძალების ინტეგრირებას ერთ მთლიანში, რომლის ცენტრი თვითობის არქეტიპია, დაახლოებით 35-40 წლის ასაკში აღწევს, რომელიც საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, მაგრამ, საბოლოოდ, სასიკეთო ტრანსფორმაციით მთავრდება.

პერსონა /Persona/ ნიღაბია, რომელსაც ყველა ადამიანი ატარებს სხვებთან ურთიერთობისას. მისი საშუალებით ადამიანი თავს ისეთად წარმოაჩენს, როგორი სახითაც სურს რომ საზოგადოებამ შეაფასოს იგი. პერსონა იძერწება სოციალური მოთხოვნების, დადგენილი წესებისა და პიროვნებისთვის მისაღები თვისებების ზემოქმედებით. იგი მოიცავს ამ პიროვნებისათვის ტიპურ როლებს, ქცევის სტილს, ურთიერთობების მანერას და ა. შ. პერსონა- ნიღაბი პიროვნების სოციალური ასპექტია, რომლითაც პიროვნება, რა თქმა უნდა, არ ამოიწურება. პიროვნება გაცილებით მეტია, ვიდრე როლი, რომელსაც იგი საზოგადოებაში ასრულებს. ნიღბით ადამიანი ხშირად არა მარტო სხვას, არამედ საკუთარ თავსაც ატყუებს.

პერსონასთან სრული გაიგივებით კი ადამიანი ივიწყებს საკუთარ პიროვნებას და თავისი რეალური ბუნებისგან უცხოვდება. ამიტომ უწოდა იუნგმა პერსონას „კონფორმულობის არქეტიპი“.Persona-ს ყველაზე უფრო არასახარბიელო დამახინჯებულ ასპექტებს წარმოადგენს რასობრივი, სოციალური და ეროვნული ცრურწმენები.

თუ პერსონა სოციალურ ადაპტაციასთან არის დაკავშირებული, ჩრდილის არქეტიპი, პირიქით, მიუღებელ აზრებს, გრძნობებსა და მოქმედებებს წარმოაჩენს. ჩრდილის არქეტიპი ადამიანის ბნელი მხარეების ამსახველია, რომლის დამალვა ცნობიერი ფსიქიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ადამიანს რცხვენია და ეშინია, სირცხვილსა და შიშს კი იწვევს „ცხოველური“ ან პირველყოფილი და ველური ბუნება. ის, ფაქტობრივად, ფსიქიკაში არსებული „ინსტიქტთა კონაა“, ძნელად სამართავი და მოუთვინიერებელი.

„სრულქმნა მხოლოდ ღმერთებს ძალუძთ, ადამიანს ასეთი რამ არ ხელეწიფება. გაცილებით უმჯობესია იცოდე სრულყოფილი რომ არა  ხარ. მაშინ უფრო ლაღად იგრძნობ თავს“.  იუნგი თვლის, რომ ადამიანის თვითშემეცნება აუცილებლად უნდა გულისხმობდეს შეხვედრას საკუთარ აჩრდილთან. მაგრამ საკუთარი თავისკენ მავალი რისკავს შეხვედრას სწორედ „საკუთარ თავთან“. სარკე არ იტყუება. ის ზუსტად ასახავს იმ სახეს, რომელსაც ჩვენ არასდროს ვაჩვენებთ ქვეყანას, ვმალავთ მას მსახიობური ნიღბის ქვეშ. საკუთარ თავთან შეხვედრისას მოწმდება ჩვენი სიმამაცე. სინჯი, რაც საკმარისია მრვალთათვის რომ უკან დაიხიოს, რადგან საკუთარ თავთან შეხვედრა ფრიად უსიამოვნოა. ჩვეულებრივ, ნეგატიური ყოველთვის პროეცირდება სხვებზე. თუ ადამიანს შესწევს ძალა დაინახოს საკუთარი აჩრდილი და „გადაიტანოს“ ცოდნა მის შესახებ, ამოცანა გადაჭრილია: დაჭერილია პიროვნული არაცნობიერი. ჩრდილი წარმოადგენს პიროვნული არსებობის სასიცოცხლო ნაწილს, ის ამა თუ იმ ფორმით შეიძლება განიცდებოდეს. მისი განცალკევება უმტკივნეულოდ, დასაბუთებითა და ახსნა-განმარტებით შეუძლებელია. ჩრდილის განცდასთან მიახლოებაც ძალიან რთულია, რადგან აღარ ჩანს პიროვნება მისი მთლიანობით. ძლიერ ნატურას („მე სუსტს უფრო დავარქმევდი“ /კ.გ.იუნგი/) არ უყვარს ასეთი ასახვა და თავისთვის იგონებს რაღაც საგმიროს, იმის მაგივრად რომ გამოერკვეს. მაგრამ ადრე თუ გვიან რეზულტატი არ დააყოვნებს. საჭირო და აუცილებელია ნათლად გავაცნობიეროთ: „გვაქვს პრობლემა, რომლის გადაჭრაც საკუთარი ძალით შეუძლებელია“. ეს ღირსეული აღიარებაა, რომელიც საფუძველს უყრის კოლექტიურ არაცნობიერის კომპენსატორული მოქმედების შესაძლებლობას. სხვაგავარად რომ ვთქვათ, ჩნდება უნარი გავიგოთ აზრი, რომელსაც შეუძლია ჩვენი დახმარება; აღვიქვათ ის, რასაც ადრე არ ეძლეოდა სიტყვაში გამოხატვის საშუალება. ჩრდილი ურჩხულის, დრაკონის, მხეცის სახით აისახება მითოლოგიასა და ფოლკლორში. დრაკონი, გველი, სპილო, ლომი, დათვი და სხვა ძლიერნი მხეცნი ასახავენ და არეგულირებენ ადამიანთა ცხოვრებას ცხოველურ დონეზე, უზრუნველუოფენ სხვა ადამიანთა, როგორც ცოცხალ არსებათა გაგებას, უფლებას იძლევიან გაგებულ იქნას ცოცხალ არსებათა ქცევა.  უნდა ვისწავლოთ „განვიცადოთ“, „გადავიტანოთ“ ჩრდილი.

იუნგის მიხედვით ჩრდილი მხოლოდ ნეგატიური დატვირთვის მატარებელი არაა. მას გააჩნია დიდი ფსიქიკური ენერგია და სათანადო არხში მიმართვის შემთხვევაში ის შეიძლება შემოქმედებითი იმპულსის, ემოციური და გონებრივი გასხივოსნების წყარო გახდეს, რის გარეშეც პიროვნების სრულფასოვანი ცხოვრება წარმოუდგენელია

ანიმა/ანიმუსისარქეტიპში ვლინდება იუნგის მიერ მითითებული გარემოება, რომ ყოველ ადამიანში მოცემულია საწინააღმდეგო სქესის გარკვეული თავისებურებები. ანიმა განასახიერებს ქალურ ნიშნებს მამაკაცის ფსიქიკაში, ხოლო ანიმუსი მამაკაცურს ქალში. პიროვნება ფსიქოლოგიურად ორივე სქესისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს მოიცავს. არქეტიპი წარმოადგენს მთლიან ამბივალენტურ სტრუქტურას და აქვს პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები. სწორედ ამიტომ,ანიმას არქეტიპის პირველადი მითოლოგიური ასახვის ნიმუშები მრავალფეროვანია. ანიმას შესაძლო სახეებს შეიძლება ეწოდოს: „დიდი დედა“, „მზეთუნახავი“,  „ქალწული“, „საბედისწერო ქალი“, „კეთილი დედა“, „მრისხანე დედა“, „ქურუმი“, „კუდიანი“, „ალი“, „ალქაჯი“. დედის არქეტიპი შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც სიცოცხლის მომცემ ქალს, დედა ბუნებას, ასევე მაცდურ ქალს და კუდიან დედაბერს.

თუ ანიმა როგორც წესი, სხვადასხვა წახნაგის მქონე ერთი ქალის ტიპით არის წარმოდგენილი, ანიმუსი მამაკაცების მრავალ ტიპს მოიცავს. ძალიან ახალგაზრდა ქალში ანიმუსი მშობლის ტიპის, მასზე მოზრდილი მამაკაცით გატაცებაში ვლინდება. მოზრდილ ქალში ანიმუსის ობიექტს შეიძლება წარმოადგენდნენ გამოჩენილი სპორტსმენი, მსახიობი და კრიმინალი. მოხუც ქალში - ექიმი, მღვდელი ან „გენიოსი“, რომელსაც ვერავინ უგებს... ხშირად ანიმუსი ვლინდება ქალის მიერ ქმრის და სხვა მამაკაცების დამახინჯებულ აღქმაში. აგრეთვე ქალის ჯიუტ, ირაციონალურ შეხედულებებში, რაც ხშირად გამაღიზიანებელი ჩხუბისა და კამათის წყაროა. მასკულინური პროტესტი ქალის მხრიდან იუნგის მიხედვით ანიმუსით შეპყრობილ ქალს ნიშნავს, მაგრამ თუ ქალი სწორ ურთიერთობას დაამყარებს ანიმუსთან, იგი შეიქნება ინტელექტუალური სიმწიფისა და ბალანსის წყარო.

„პირველდედის“, „დიდი დედის“ არქეტიპის ძირითად თავისებურებას პიროვნებისათვის დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეადგენს. ამ არქეტიპთან ასოცირდება დედური მზრუნველობა და თანაგრძნობა, ქალის მაგიური ძალაუფლება; სიბრძნე და სულიერი სიწმინდე, ნებისმიერი სასარგებლო ინსტიქტი ანდაც ყველაფერი რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მზრუნველობას, ზრდასა და ნაყოფიერებას. ანიმას აღნიშნული ვარიანტი განსაკუთრებულად გავრცელებულია. არაცნობიერი „დამცავი ფემინობა“ პიროვნების ფსიქოლოგიური  სტაბილობის გარანტად იქცევა. მეორე მხრივ კი, იგი შეიძლება ინფანტილიზაციის პირობად იქცეს, რაც  პიროვნების პასიურობასა და  გარეშე ძალებზე მიჯაჭვულობის მიზეზიც ხდება, ადამიანი „მუდმივ ბავშვად“ რჩება.

დედის სიმბოლო აისახება, აგრეთვე, საგნებში და წარმოადგენს ჩვენს  მისწრაფებას გადარჩენისკენ: სამოთხე, ზეციური იერუსალიმი, სასუფეველი. ეკლესია, უნივერსიტეტი, ქალაქი, ქვეყანა, ცა, მიწა, ტყეები და ზღვები, მთვარე, ბაღი და მოხნული მინდორი; კლდე,გამოქვაბული, ხე, გაზაფხული, წყარო ან სხვადასხვა ჭურჭელი, ყვავილები /ვარდი, ლოტოსი/; მანდალა, თავისი დამცველობითი ფუნქციით; სამზარეულოს საგნები: ღუმელი, ჭურჭელი; ცხოველები: ძროხა, კურდღელი და სხვ.

ბოროტ სიმბოლოებს წარმოადგენს: კუდიანი დედაბერი, დრაკონი, დიდი თევზი ან გველი, სამარე, სარკოფაგი, ღრმა წყლები, სიკვდილი, მოჩვენება.

ანიმა, რომელსაც პირობითად „მზეთუნახავს“ ვუწოდებთ, „დიდი დედისგან“ განსხვავებით უკიდურესი პასიურობითა და მომლოდინე ქალურობით გამოირჩევა.. ეს ანიმას სახეა, რომელიც გააქტიურებას გარედან  ელის და განსაკუთრებული მიმზიდველობით გამოირჩევა. ის, ყველასათვის ნაცნობი, კოშკში გამომწყვდეული მზეთუნახავია, რომელიც თავის მხსნელსა და მიჯნურს მოელის. მზეჭაბუკს, რომელიც მას, ასე სუსტსა და უმწეოს, თავის ენერგიას გაუნაწილებს და ბოროტი ძალების ტყვეობისაგან იხსნის... მზეთუნახავის არქეტიპი ამავე დროს მოქმედებაში მომყვანი, დინამიური საწყისის მატარებელია. იგი სტიმულსა და ბიძგს იძლევა.

მზეთუნახავის არქეტიპის უკიდურესი ფორმაა მძინარე ან მკვდარი ასულები („მძინარე მზეთუნახავი“), რომელთა სახეებითაც ასე მდიდარია ზღაპრები და ფოლკლორი. მზეთუნახავისთვის დამახასიათებელი პასიურობა აქ კულმინაციას აღწევს. ქართულ მითოსში ყამარის კოშკი ცაზე ჯაჭვით ჰკიდია; აღნიშნული მეტაფორა ყამარის ქალწულებრივ სიწმინდესა და ხელშეუხებლობა, ასევე სრულპასიურობას ასახავს. თოვლივით თეთრი და ცივი ასულები, შეუბღალავი სიწმინდისა და ემოციური სიმშრალის, ფაქტობრივად, სიკვდილის, სიმბოლოებია.

ანიმას ვარიაციას წარმოადგენს ქალწული (კორა) - იგი ქალის ცხოვრების გზის ამსახველი და მარეგულირებელია, რომელიც ერთდროულად  ორმხრივ განვითარებას მოიაზრებს: ოჯახურ გზასა და მის სოციალურ (პროფესიული მხარის ჩათვლით) მხარეს. ქალწულის ცხოვრების გზა იგივეა, რაც დედის ცხოვრება: დაბადება, კავშირი ცოცხალ და არაცოცხალ სამყაროსთან, ურთიერთობა ქვეყნიერებასთან, ძალადობრივი გათხოვება, სიცოცხლე და სიკვდილი. ამ არქეტიპის გაჩენა უკავშირდება მითს პერსეფონესა /ქალიშვილი/ და დემეტრას /დედა/ შესახებ.  დემეტრა, შვილის გათხოვებას აღიქვამს, როგორც მისი ქალიშვილის ჯოჯოხეთში ჩავარდნას. ჩნდება ქალიშვილის ცოცხალთა სამყაროში დაბრუნების პრობლემა, რომელიც წყდება გაყოფით.  ქალიშვილი იყოფა ქმარსა და დედას შორის. იმისათვის რომ ცოლი, პერსეფონე დაბრუნდეს, ქმარი მოქმედებს მასზე, აიძულებს შეჭამოს ბროწეულის მარცვალი. ეს მითი იმ ეპოქაში გაჩნდა, როდესაც კაცობრიობა მატრიარქატიდან პატრიარქატში გადადიოდა.  ამ მითს დაძაბულობის კომპენსატორული ფუნქცია დაეკისრა.

ანიმუსის შესაძლო ვარიაციები ასევე მრავალფეროვანია და მათი მატარებელი პიროვნების თავისებურებებს უკავშირდება. ანიმუსის ძირითად სახეებს შორის შეიძლება გამოიყოს: ბრძენი, ყრმა,  ჭაბუკი, მამა, ძლევამოსილი გმირი.  მამის არქეტიპი ყველა მამაკაცის   განზოგადებული სახეა, ეს არქეტიპი განსაზღვრავს დამოკიდებულებას მამასთან, კანონთან, სახელმწიფოსთან, გონებასთან, ღმერთთან, ძალაუფლებასთან, ბრძოლასთან, ყველა სტიქიურ ძალასთან, რომელიც მზადაა დაეხმაროს, ანდაც პირიქით, დააზიანოს.

ყრმის არქეტიპი უმწეობისა და გამორჩეული სიწმინდის მატარებელია. ის მეტაფიზიკური სიბრძნის მფლობელია; ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ ყრმის მიერ შეიცნობა. „იყავით ვითარცა ყრმანი“ - ამ მოწოდებით ცხადდება არა მხოლოდ ქრისტიანული, არამედ უნივერსალური იდეალიც.

ჭაბუკი (მწყემსი) ძლიერ ჰგავს ყრმის არქეტიპს. იგი უშუალოა და ბუნებრივი. მისი გარემო ბუნებაა, რომელთანაც სრულ ჰარმონიასა და ერთობაში არსებობს. ის ზრუნავს ბუნებრივ გარემოზე, რომლის განადგურებითაც თავად  ჭაბუკიც ნადგურდება.

ძლევამოსილი მამაკაცის - გმირის არქეტიპის სახეებია: ჰერაკლე, თეზევსი, ამირანი და ა. შ.  მათი ძირითადი მახასიათებელია აქტიური  ნება, სიძნელეთა გადალახვა, მიზნის მიღწევა, თუნდაც სიცოცხლის ფასად.  ეს მაჟორული, ოპტიმიზმით აღსავსე სახეებია, რომლებიც სიმპათიასა და სიყვარულს იწვევენ.

სულის არქეტიპთან ადამიანი კონტაქტს ამყარებს ცხოვრების მძიმე წუთებში, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სულის არქეტიპი ჩნდება სიზმრებში სხვადასხვა სიმბოლური ფორმით /ქარი, წინაპრის ხატი, ცხოველი, რომელიც დახმარებას გვიწევს, კეთილი მრჩეველი, ბერი, მღვდელი, ბრძენკაცი/ ბრძენის არქეტიპს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იგი საყოველთაო სიბრძნის, უსაზღვრო სიკეთისა და ძლევამოსილების მატარებელია. იუნგი მას ღმერთის არქეტიპსაც უწოდებს! ადამიანის არაცნობიერ ფსიქიკაში არსებულ შინაგან ღმერთს, როგორც გონიერებისა და ძალის შინაგან წყაროს.

როგორც ხედავთ, არქეტიპებს გააჩნიათ როგორც ნათელი, ასევე ბნელი მხარეები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ არქეტიპები იცვლება ადამიანის განვითარების შესატყვისად და ამ განვითარების პროცესში გადადის ერთი არქეტიპიდან მეორეში.

„არქეტიპები ძლევამოსილი გადამწყვეტი ძალებია; ისინი ატრიალებენ მოვლენებს თუ ატრიალებენ და არა ჩვენი პიროვნული განსჯა და პრაქტიკული ინტელექტი“ /კ.გ.იუნგი/

 

 

ლიტერატურა:

1. კ.გ. იუნგი  „ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბ., 2003

2. კ. გ. იუნგი  „ფსიქოლოგია და ალქიმია“, თბ.,  2005

3. კ.გ. იუნგი „ფსიქოლოგია და რელიგია. პასუხი იობს.“, თბ., 2013

4. რ. მირცხულავა „ხელოვნების ფსიქოლოგია“, თბ., 2012

5. კ.გ.იუნგი „მეტამორფოზის სიმბოლოები“, თბ., 2017

6. К. Г. Юнг  “Архетип и Символ” M., 1991 c. 97-128

 

7. К. Г. Юнг  “Об архетипах коллективного бессознательного” M., 1971

მსგავსი სტატიები

კლინიკური ფსიქოლოგი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი (IAP), ჰიპნოთერაპევტი, საერთაშორისო კვალიფიკაციის  ნლპ-ტრენერი, ინტეგრაციული ფსიქოთერაპევტი, სასწავლო კურსებისა და ტრენინგების წამყვანი.

7 ეფექტური ნაბიჯი საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობების დასანგრევად
გაითვალისწინეთ, თუ სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი თქვენი ურთიერთობების გაცამტვერება თუ არა-მოიქეცით პირიქით))))
შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898