მავნე რჩევები ანუ როგორ შევაძულოთ თავი მამაკაცს
7 ეფექტური ნაბიჯი საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობების დასანგრევად
გაითვალისწინეთ, თუ სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი თქვენი ურთიერთობების გაცამტვერება თუ არა-მოიქეცით პირიქით))))

ნაბიჯი 1
მუდმივად გამოიწვიეთ მასში თქვენდამი სიბრალულის გრძნობა. აიძულეთ მამაკაცს, იგრძნოს, რომ თქვენ მის გარეშე არ შეგიძლიათ. ის ყოვალ წამს უნდა გრძნობდეს თქვენს არსებობას თავის ცხოვრებაში. სასურველია, მას ყოველ ჯერზე შეახსენოთ, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, რომ ის ყოველთვის თქვენთან უნდა იყოს. აი, რამდენიმე რჩევა მამაკაცისთვის თავს მოსახვევად:
ა) ყოველ 5 წუთში დაურეკეთ თქვენს საყვარელ მამაკაცს და მოიკითხეთ, როგორ არის, რამე ხომ არ შეიცვალა... ამგვარად, თქვენ ეკალივით გაეჭედებით ტვინში და მტკივნეულად მოაგონებთ თქვენს არსებობას მის ცხოვრებაში.
ბ)საათში ერთხელ მიწერეთ წერილები е-მაილზე. სასურველია, ეს იყოს შესაბრალისი წერილები იმის შესახებ, თუ რა ცუდად ხართ, როგორ გენატრებათ...
გ)ყოველთვის გამოიკითხეთ, სად იყო, ვისთან ერთად, საით მიდის, რა გაიფიქრა... ეს უნდა აკეთოთ 24 საათი დღეში-ღამეში, 7 დღე კვირაში.
დ) იბრაზეთ!.. ძალიან შესამჩნევად არა, მაგრამ კარგად გასაგებად, რომ თქვენ ბრაზობთ, როდესაც ის არ გითმობთ თქვენ მთელ თავისუფალ დროს. მაგრამ თუ ის გადაწყვეტს დაგითმოთ დრო, ნამტირალევად უთხარით, რომ თქვენ მის გარეშეც კარგად ხართ, წავიდეს და გააგრძელოს თავის საქმეები.
ე) მუდამ შეახსენეთ, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ.
ვ)მუდმივად დაეკითხეთ, მოსწონს თუ არა, როგორ გამოიყურებით, ძალიანი მსუქანი ხომ არ ხართ, ძალიან ხომ არ ჩანს მუწუკი თქვენს ცხვირზე... ამრიგად, თქვენ მიაღწევთ თქვენს მიზანს! ის, დიახაც რომ შეამჩნევს, რომ თქვენ წონაში მოიმატეთ, და მოძებნის მუწუკს თქვენს სახეზე! იმოქმედეთ! რაც უფრო საბრალო შესახედი იქნებით, მით უფრო ეფექტურად და სწრაფად მოხდება თქვენი მამაკაცის ნანატრი გაქცევა.
გახსოვდეთ, ყველა მითითება ზედმიწევნით უნდა შეასრულოთ, რათა თქვენი მამაკაცი უსწრაფესად გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან. გამოიყურებოდეთ საბრალოდ - უმაღლესი პილოტაჟია, განსაკუთრებით, თუ თქვენ სინამდვილეში ძალიან წარმატებული, ლამაზი, ჭკვიანი ქალი ხართ.

ნაბიჯი 2
იყავით დაუჯერებელი საკუთარ თავში. თუ თქვენ ყოველთვის თავის თავში დაუჯერებელი, მშიშარა ქალი იყავით, ესე იგი თქვენ გიმართლებთ "მორბენალ" მამაკაცებში!
აი, ფრაზები, რომლებიც მუდმივად უნდა გაუმეოროთ თქვენს მამაკაცს: -ისევ გიყვარვარ? ეს კაბა ხომ არ მასუქებს? - დარწმუნებული ვარ, შენ ფიქრობ, რომ ის ქალი ჩემზე ლამაზია... როგორ ფიქრობ, საკმარისად მიმზიდველი ვარ შენთვის? -ამ კაბაში შტერივით ვიქნები... -მე ვერ მოვახდენ კარგ შთაბეჭდილებას შენს მეგობრებზე, ძალიან სულელი ვარ... დამერწმუნეთ, ძალიან ცოტა მამაკაცი შეძლებს ასეთ ქალთან დიდხანს დარჩენას! საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და სურვილი, დაანახოთ თქვენს მამაკაცს თქვენი მანკიერი მხარეები, ღირსებების ნაცვლად - მთავარი გასაღებია საყვარელი მამაკაცის დასაკარგავად. ხშირად შეახსენეთ, რომ თქვენ არც იცით, რისთვის ხართ ერთად, რომ თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რადგან ასეთმა მამაკაცმა ყურადღება მოგაქციათ. გაამძაფრეთ მისი შინაგანი ეჭვები თქვენს გამო! მერწმუნეთ, გარშემო ძალიან ბევრი თავდაჯერებული ქალია და თქვენი მამაკაცი არ დარჩება უყურადღებოდ. ასე რომ, ნუ იღელვებთ მის მომავალზე და თამამად განაგრძეთ თქვენი ურთიერთობების ნგრევა.

ნაბიჯი 3
დაარღვიეთ მამაკაცთან ურთიერთობის წესები.
3 მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა განხორციელდეს ურთიერთობების დასანგრევად:
1) ა რ ა ს ო დ ე ს ჩაუკვირდეთ მამაკაცის სიტყვებს! საერთოდ ნუ მოუსმენთ! ნურც მოაჩვენებთ თავს, თითქოს უსმენთ - ეს მათ აცოფებთ! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ... მამაკაცებს, სინამდვილეში, ძალიან სურთ, რომ მათ მოუსმინონ, და ისინი ყოველთვის დააფასებენ ქალს, რომელსაც მათი მხარდაჭერა შეუძლია. როდესაც მამაკაცი ლაპარაკობს, გააწყვეტინეთ, ჩაურთეთ თქვენი ისტორიები, გაეცალეთ ისე, რომ ბოლომდეც არ მოუსმინოთ - ეს ძალიან ეფექტურია ურთიერთობების დასამარებისთვის. თუ გადაწყვეტს, მოგიყვეთ, როგორი მძიმე სამუშაო დღე ჰქონდა, დაიჯღანეთ და უთხარით, რომ მისნაირი მამაკაცისთვის ყოველდღე მძიმე სამუშაოა.
2)ხშირად, სჯობს კვირაში რამდენჯერმე, მოუყევით მას ნაცნობი მამაკაცების, მათი წარმატებების შესახებ. კარგი იქნება, თუ შედარებებსაც გააკეთებთ, მათ სასარგებლოდ, რა თქმა უნდა. ეს მას ძალიან გააღიზიანებს და ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. დამერწმუნეთ, ეს გააცამტვერებს თქვენს ურთიერთობებს! ის მონახავს ისეთ ქალს, რომელიც მასში იმ ერთადერთსა და განუმეორებელს დაინახავს.
3) ისაუბრეთ მასთან ... სექსის დროს! მოუყევით თქვენი დღევანდელი წარმატებული შოპინგის შესახებ, ან როგორ გადაიღება თქვენმა დაქალმა თმები და უფრო მახინჯი გახდა... ხშირად შეეკითხეთ, როდის დაამთავრებს... ის მართლაც იმაზე ადრე დაამთავრებს, ვიდრე ისურვებდა. ისაუბრეთ მასთან სექსის შემდეგ... და აუცილებლად გაიბუტეთ, თუ ის ძილს გადაწყვეტს, თქვენთან საუბრის ნაცვლად. ხოლო თუ თქვენმა მამაკაცმა თვითონ გამოთქვა საუბრის სურვილი, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ! უთხარით, რომ გეძინებათ და არ მოუსმინოთ. ან დაიწყეთ მისი სიტყვების გაკრიტიკება - ის თვითონ ჩაჩუმდება.

ნაბიჯი 4
ყოველთვის ცუდად უნდა გამოიყურებოდეთ. არ არის საკმარისი, ხშირად შეახსენოთ მას, რომ არ ხართ ლამაზი და პროპორციული. აქ სხვა მიდგომაა საჭირო. ატარეთ ტანსაცმელი, რომელიც მას არ მოსწონს. ეცადეთ, თქვენი ტანისამოსი ყოველგვარ სტილს იყოს მოკლებული. საერთოდ, ეცადეთ ასე უაზროთ ჩაცმული მას შეხვედრებზეც გაჰყვეთ. ამრიგად, თქვენ მას აიძულებთ, შერცხვეს თქვენს გამო. ქალის გარეგნული იერი მამაკაცის სავიზიტო ბარათია. თქვენ თუ საშინლად გამოიყურებით, მასაც არავინ სცემს პატივს. ასე რომ, იმუშავეთ. არ არის ეს ადვილი საქმე. რა თქმა უნდა, უფრო ადვილია ახლოს იყო საკუთარ თავთან, სუფთად და ლამაზად გეცვათ, რომ თვალს უხაროდეს, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ამოცანა გვაქვს, ამიტომ უნდა გავისარჯოთ. ნუ იღელვებთ. ასე დიდხანს არ გაგრძელდება.

ნაბიჯი 5
გძულდეთ თქვენი ცხოვრება. გასაგებია, რომ ოპტიმისტობა უფრო ადვილია (უპრობლემობაა), მაგრამ ჩვენი მიზნისთვის ღრმა პესიმისტი უნდა გახდეთ. ამ როლს ეფექტურად გაართმევთ თავს, თუ ყოველდღე ასეთ ფრაზებს გაიმეორებთ: -მე ქალის კარიკატურა ვარ -ჩემთვის ბედნიერება მიუწვდომელია -ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, არავის სჭირდება, ტყუილად ვხარჯავ დროს -ჩემი მთავრობა მატყუებს -მეჯავრებიან ჩემი მეზობლები -სამყარო ქაოსია, ომებით და წყალდიდობებით -აღარ შემიძლია აქ ცხოვრება -ცხოვრება საშიშია და სახიფათოა -არ ვიცი, რისთვის დავიბადე -ამ ეკოლოგიმ საერთოდ გამინადგურა ჯანმრთელობა -სამყარო სასტიკია და ბევრი მსგავსი ფრაზა. ძალიან რთულია ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელიც ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი ცხოვრებისადმი. ასე რომ, ეს კიდევ ერთი საშუალებაა თქვენი ურთიერთობების ნგრევისთვის.

ნაბიჯი 6
აკრიტიკეთ მისი ყოველი სიტყვა. თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ მის სისულელეებს, რა თქმა უნდა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ყოველ მის წინადადებაზე მწარე კომენტარების გაკეთება. დაე, ეგონოს, რომ ბრიყვია! გიყვარს, როდესაც გისმენენ? მიიღე კრიტიკის ქარცეცხლი! არ მოერიდოთ აკრძალულ სიტყვებს - შერცხვეს საკუთარი აზრების! ნუთუ ის მართლა ეძებდა თანაგრძნობას თქვენში?! შეგიძლიათ მეგობრების თანდასწრებითაც გააკრიტიკოთ... სასურველი შედეგი გარანტირებულია! რა თქმა უნდა, მისი მეგობრები და ნათესავები დიდხანს ილაპარაკებენ თქვენზე, როგორც არანორმალურ, აუტანელ არსებაზე და სიხარულით დაასკვნიან, რომ თქვენმა მამაკაცმა სამართლიანად მიგატოვათ...ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას! თვალშიც ნუ მოხვდებით... განსაკუთრებით - მის ნათესავებს.  

ნაბიჯი 7
იყავით ანტისექსუალური. სექსი - ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. ხშირად სწორედ ამ სფეროშო არსებული პრობლემების გამო შორდებიან წყვილები. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ!
1.არასოდეს მოუსმინოთ მას. ნურც მის აზრს გაიზიარებთ! მეტი საქმე არ გაქვთ!
2.არ გაბედოთ და არ გამოხატოთ არანაირი გრძნობები!
3.დაიძინეთ! გულწრფელად დაიძინეთ! რაც უნდა ის აკეთოს! თქვენთვის სულერთია - თქვენ ისვენებთ!
4. თავის ტკივილებიც მოიშველიეთ! დიახ, შეიძლება თავი ყოველდღე გტკიოდეთ - რატომაც არა! მაგრამ თუ თქვენ თვითონაც გაგიჩნდებათ საყვარელ მამაკაცთან სიახლოვის სურვილი, გამოხატეთ ეს ისე, თითქოს ამას მისთვის აკეთებთ. და არ დაგავიწყდეთ, რომ გრძნობები არ უნდა გამოხატოთ!

თქვენ უკვე შვიდივე ნაბიჯს გაეცანით და იცით, როგორ მოიქცეთ, თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების დანგრევა გსურთ. ეს "რჩევები" საინტერესო უნდა ყოფილიყო მათთვის, ვისაც მართლა სურთ ურთიერთობების დასრულება, ან მათთვის, ვისაც აინტერესებთ, თუ როგორ არ უნდა მოიქცნენ, რათა არ დაკარგონ საყვარელი ადამიანი.
თუ თქვენ პირველ ტიპს მიეკუთვნებით, ანუ გსურთ თავი დააღწიოთ მობეზრებულ ურთიერთობებს, მაშინ უფრო ეფექტური საშუალებაც არსებობს... უბრალოდ მიუახლოვდით მას და მშვიდად, ყვირილისა და ისტერიკების, ასევე იმ სისულელეების გარეშე, რომელიც აქ ადრე წაიკითხეთ, უთხარით, რომ ასე ცხოვრება აღარ შეგიძლიათ და უნდა დაშორდეთ. ეს მძიმეა და მტკივნეული... იქნებ გაგიჩნდეთ სურვილი, რაიმე ცუდი გაუკეთოთ თქვენს ყოფილ საყვარელ ადამიანს.. მაგრამ დაფიქრდით, როგორ მოგიგონებთ (ის კი აუცილებლად მოგიგონებთ) - როგორც კოშმარს, რომელიც მან თქვენთან გადაიტანა, თუ როგორც მშვენიერ ქალს, რომელთანაც უბრალოდ გზები გაიყარა... ხანდახან ურთიერთობები სრულდება... მაგრამ ნუ დაასრულებთ მათ განადგურებით. დაიტოვეთ გულში კარგი მომენტები, ცხოვრება ამაოდ რომ არ მოგეჩვენოთ. თქვენი მამაკაცი გაგიგებთ. შეიძლება, მაშინვე არა. იქნებ არც მოინდომოს თქვენი გაშვება. მაგრამ, ადრე თუ გვიან, გაგიგებთ. მთავარია, თუ ეს ადამიანი აღარ გიყვართ, არ მოატყუოთ საკუთარი თავი, იყოთ გულწრფელნი და არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ საქმე იმ აბსურდებამდე, რომლებიც აქ ადრე წაიკითხეთ. ხოლო თუ თქვენ მკითხველთა მეორე ტიპს მიეკუთვნებით, მაშინ კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ყველა ნაბიჯი და მოიქეცით პირიქით - ეს ძალიან ადვილია.

მსგავსი სტატიები

კ. გ. იუნგის ზოგად-ფსიქოლოგიური თეორიის საფუძველია შეხედულება ორი ტიპის არაცნობიერის: პიროვნული და კოლექტიური არაცნობიერისშესახებ.  ფსიქიკის კვლევისას კ.გ.იუნგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კოლექტიურიარაცნობიერის შესწავლას, რადგან ფსიქიკა არ ამოიწურება მხოლოდ პიროვნული არაცნობიერით და მასში კოლექტიური არაცნობიერი სფეროც არსებობს, რომელიც ზეპიროვნული, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალურია. ფსიქიკას აქვს ისტორია: ბიოლოგიური /ცხოველური/ და ისტორიული /ადამიანური/. როგორც ჩვენი სხეულის სტრუქტურაა დაფუძნებული ძუძუმწოვართა საერთო ანატომიურ ნიმუშზე, ასევე ჩვენი ფსიქიკაც დამყარებულია არქაული ფსიქიკის არაცნობიერ ფორმებზე. როგორც ბიოლოგიას სჭირდება შედარებითი ანატომია, ისე ფსიქოლოგიასაც ესაჭიროება „ფსიქიკის შედარებითი ანატომია“, რათა სიზმრები და არაცნობიერი ფსიქიკის მოქმედების სხვა პროდუქტები შეადაროს მითოლოგიურ მასალას და შედარების საფუძველზე დადგინდეს ის საერთო, რაც მათ შორის არსებობს.

კლინიკური ფსიქოლოგი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი (IAP), ჰიპნოთერაპევტი, საერთაშორისო კვალიფიკაციის  ნლპ-ტრენერი, ინტეგრაციული ფსიქოთერაპევტი, სასწავლო კურსებისა და ტრენინგების წამყვანი.

შემოგვიერთდი Facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის #3
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898